InfoFacts

წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესი იცვლება

წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე გამოძახების წესი იცვლება
საზოგადოება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯარში გაწვევის წესი შეიცვალა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

რაც შეეხება უშუალოდ შეტყობინება/უწყების ჩაბარების წესს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუ წვევამდელისთვის უწყების ჩაბარება ვერ მოხერხდა, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.

“თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება. პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.

თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში“, - ნათქვამია დოკუმენტში.